ლოპოტას ხეობაში სამხედროები ისევ შევიდნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება სოფელ ლაფანყურიდან, ადგილობრივების თქმით, ხეობის მიმართულებით გამთენიისას 4 ვერტმფრენიც გაფრინდა.
ხეობაში შესასვლელი გზის პირას მაცხოვრებლების თქმით, დილიდან ხეობაში 10-ზე მეტი პიკაპიც შევიდა, რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ისხდნენ. სოფელში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ხეობის გადასახვევთან პოლიცია ისევ პატრულირებს.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურთან ახლოს, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს-ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაღუპულია შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაჭრილია 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია.
გუშინ სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცხვარეები ტყეში დაჭრილ ბოევიკებს გადააწყდნენ. ამ ინფორმაციას სოფლის მოსახლეობა არ ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები