საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დივერისული დაჯგუფების დევნის ოპერაციისას ლიკვიდირებული 11 დივერსანტის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ დივერსანტები ქართულად არ საუბრობდნენ. ეს ინფორმაცია ტყვეობიდან გათავისუფლებულებმა განაცხადეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა ენაზე საუბრობდნენ ისინი.
ამავე დროს არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაღესტნის შს სამინისტროს წყაროზე დაყრდნობიით გავრცელდა. ინფორმაციის მიხედვით, ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღესტნიდან საქართველოში გადმოსული ე.წ. ცუნტინის ბანდფორმირების ლიკვიდაცია მოხდა. რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაჯგუფება საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გადმოვიდა მის შემადგენლობაში 20-მდე ბოევიკი იყო.
ამ დროისათვის ლოპოტას ხეობაში 6 შეიარაღებული დივერსანტის გაუვნებელყოფის მიზნით დევნის ოპერაცია გრძელდება. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. სოფელ ლაფანყურში ვითარება სტაბილურია. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება და ხალხი სახლების დატოვებას არ აპირებს.
შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი შედის. შტაბს პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.
დივერსიული ჯგუფის დევნის ოპერაციის დაწყების შესახებ საქართველოს შს სამინისტრომ 28 აგვისტოს გვიან ღამით განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარის, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს შეიარაღებული ჯგუფი. ამა კი წინ უსწრებდა ტყეში საქეიფოდ წასული ხუთი ახალგაზრდის გაუჩინარება, რომელიც როგორც გაირკვა სწორედ დივერსიულმა დაჯგუფებამ აიყვანა მძევლად.
ქართველმა მესაზღვრეებმა, რომლებიც პერიმეტრზე პატრულირებდნენ, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შენიშნეს და მათთან მოლაპარაკების შემდეგ მძევლად აყვანილ რიგით ქართველ მოქალაქეებს საკუთარი ნებით ჩაენაცვლნენ. გათავისუფლებული 5 ქართველი ახალგაზრდას სოფელში დაბრუნების შემდეგ საპატრულო პოლიციისთვის ცნობილი გახდა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პირების შემოჭრისა და მათთან მძევლად მყოფი მესაზღვრეების შესახებ.
შემდეგ, შსს-მ ოფიცრები გაგზავნა ამ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად, რომლებმაც ამჯერად უკვე თვითონ დაიკავეს მძევლის ადგილი მესაზღვრეების ნაცვლად და გზავნილის მიტანა - ხელისუფლებამ შესთავაზა ამ ჯგუფს მშვიდობიანად ჩაბარება, რაცზე ოფიცრებმა უარი მიიღეს. ამის შემდეგ განხორციელდა ოპერაცია მძევლების გასათავისუფლებად, რასაც იმ მომენტში შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ლიკვიდაცია მოჰყვა.
ამის შემდეგ დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს შსს-ს დანაყოფებსა და დივერსიულ დაჯგუფებას შორის. შეტაკებების დროს განხორიციელდა შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრის ლივიდაცია. დევნის ოპერაციისას დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.