შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა და რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლოპოტას ხეობა დატოვა. ხეობაში ისევ რჩება შსს-ს ს ქვედანაყოფების რამდენიმე ასეული თანამშრომელი. სოფელში და საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მობილიზებულია პოლიცია.
ამ დროისთვის სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა. პოლიციის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ სპეცოპერაცია დღეს დასრულდება.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველო - რუსეთის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო შეიარაღებული ჯგუფი და შსს-ს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. ოპერაციას შს მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში შსს-ს სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია დივერსანტი, არიან დაჭრილებიც. „რუსთავი 2"-ის ცნობით, ხუთი ახალგაზრდის გარდა, შსს-ს ოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია მძევალთა კიდევ ერთი ჯგუფი და ამ დროისთვის ოპერაცია ბოლო ჯგუფის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შსს-ს სპეცოპერაციის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი, 28 წლის ს.წ. დაიღუპა.