„უფლებადამცველთა გაერთიანება" 2003 წლიდან ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვასა და საპროცესო შეთანხმებების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს. გაერთიანების ინფორმაციით, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი დაინერგა. ხელისუფლების რეპრესიული მანქანის არსებობის პირობებში, საპროცესო შეთანხმებების უმრავლესობა ბრალდებულზე ძალადობის გამოყენების შედეგად ფორმდა. ძალადობის მსხვერპლნი ამის აღიარებას ვერ ბედავენ - მათ მიმართ განხორციელებული დიდი ზეწოლის გამო. ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომელთაც შეულახეს ღირსება და სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ მიანიჭეს თავისუფლება.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს: ეს საკითხი თავიანთ წინაასაარჩევნო პროგრამებში შეიტანონ. იმ პირებს კი, რომლებიც თვლიან, რომ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები, უნდა მიეცეთ საშუალება გადაიხედოს მათი საქმეები და მოხდეს მათი სრული რეაბილიტაცია. იმის გამო, რომ სსსკ-ის 215 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსგავსი პრეცენდენტის არსებობის შემთხვევაშიც კი არ ხერხდება საქმეების გადახედვა, საჭიროა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. სწორედ ამიტომ, პარტიების მოვალეობაა, წინასარჩევნო პროგრამებში ასახონ ყოველივე. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ „უფლებადამცველთა გაერთიანება" ითხოვს, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გაუქმდეს, რადგანაც ამ ინსტიტუმა: საქართველოში გაანადგურა სამართალი და დაამკვიდრა სახელმწიფო რეკეტი, ადვოკატები მაკლერებად აქცია, მოსამართლეები - ნოტარიუსებად, პროკურატურა რეპრესიულ მანაქანად ჩამოაყალიბა, საპროსესო შეთანხმების სისტემა კი ბიუჯეტის შევსების სერიოზულ წყაროდ აქცია.
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მომხრეთა მტკიცებით, ინსტიტუტის ამოქმედებით მართლმსაჯულება სწრაფი და ეფექტური გახდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კი ნაკლებად გადატვირთულია. თუმცა, ოფიციალური მონაცემები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს:
2003 წელს - 6119 პირი, 2004 წელს - 7867, 2005 წელს - 9688, 2006 წელს - 15 465, 2007 წელს - 18 309, 2008 წელს - 18 659, 2009 წელს - 21 075, 2010 წელს - 23 075, 2011 წელს - 24 114, 2012 წელს - 24 011.
აქედან, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებულია: 18 წლამდე ასაკის 170 ადამიანი, 45 წლამდე - 19 315, 60 წლამდე - 4055, 60 წლის ზემოთ 471 ადამიანი.
2012 წლის ივნისის მდგომარეობით, პრობაციონერთა საერთო რაოდენობაა 40 469 ადამიანი: აქედან 36 039 მამაკაცი, 3057 ქალი.
რაც შეეხება მართლმსაჯულობის სისწრაფესა და ეფექტურობას: ოფიციალური მონაცემებით, დღეს სისხლის სამართლის საქმეების 80% საპროცესო შეთანხმებებით მთავრდება. 2005 წელს 932 საქმეზე საპროცესო შეთანხებით იქნა გამოტანილი განაჩენი, 2006 წელს - 3791-ზე, 2007 წელს -- 8432-ზე, 2008 წელს -- 9207-ზე, 2009 წელს -- 9073-ზე, 2010 წელს -- 13345-ზე, 2011 -- 12718-ზე, 2012 წლის 6 თვეში -- 6215-ზე.
როდესაც პროკურორი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე, მოსამართლეები ასეთი შემთხვევების 99%-ს აკმაყოფილებენ. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეები საქმეს არ სწავლობენ იმ მიმართულებით, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რათა ადამიანს დანაშაული დაუმტკიცდეს. მოსამართლე ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს.
"ამასთან, აღსანიშნავია იმ საქმეთა უმნიშვნელო რაოდენობა, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლომ უარი თქვა საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაზე:
2006 წელს -10 საქმეზე, 2007 წელს -15, 2008 წელს -15, 2009 წელს -17, 2010 წელს - 69, 2011 წელს - 12, 2012 წელს - 31.
იმ ფონზე, როდესაც საპროცესო შეთანხმებები ძალადობისა და შანტაჟის შედეგად ფორმდება, ხოლო განაჩენის გამოტანა საქმეთა არსებითი განხილვისა და მტკიცებულებეთა გამოკვლევის გარეშე ხდება, გამამართლებელ განაჩენთა ასეთი დინამიკა არის დაფიქსირებული: 2003 წელს - 61 პირის მიმართ, 2004 წელს - 38, 2005 წელს - 79, 2006 წელს - 37, 2007 წელს - 13, 2008 წელს - 30, 2009 წელს - 18, 2010 წელს - 8, 2011 წელს - 56, 2012 წელს (6 თვე) - 83.
საპროცესო შეთანხმება ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მაგრამ ჩვენს კანონმდებლობაში განსაზღვრული არაა, რომელი კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშია შესაძლებელი ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების დადება. შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადება შესაძლებელია ყველა კატეგორიის დანაშაულზე და ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რაიმე დამატებითი პირობის შესრულება ბრალდებულის მხრიდან, საკმარისია თავის დამნაშავედ ცნობა. არ არსებობს არანაირი დათქმა, რა სახის დანაშაულებზე არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დადება, რასაც ვხვდებით, მაგალითად, იტალიის საპროცესო კანონმდებლობაში: იტალიაში საპროცესო შეთანხმება ძირითადად გამოიყენება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში"- განმარტავს მჟავანაძე
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა დაზარალებულის უფლებაუუნარობაა საპროცესო შეთანხმებასთან მიმართებაში: დაზარალებულს უფლება არ აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება. ამასთან, უგულებელყოფილია დაზარალებულის საპროცესო განხილვაში მონაწილეობის უფლება, თუმცა: „პროკურორი ვალდებულია, საპროცესო შეთანხმების დადებამდე, დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია." მაგრამ კონსულტაციის მიზანი დაკონკრეტებული არ არის
,,უფლებადამცველთა გაერთიანებას" მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება ეწინააღმდეგება ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა: თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე, უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმპცია, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი, საჯაროობის პრინციპი, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული, მტკიცებულებათა შეფასება შინაგანი რწმენით, უშუალობის პრინციპი. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს აღსადგენად, საჭიროა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმება, მოქალაქეებისთვის ღირსების აღსადგენად კი, 2003 წლიდან იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვა.