თბილისში აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის 200 წლის იუბილე აღნიშნეს.
ბოტანიკურ ბაღში, სადაც ახუნდოვის ძეგლი დგას ქართული კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ახუნდოვი მე-19-ე საუკუნეში თბილისში ცხოვრობდა.
გრიგოლ ორბელიანის აქტიური მეცადინეობით ახუნდოვი დაკრძალეს თბილისში, ახლანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ვინაიდან ქალაქის მუსლიმანთა მეთაურები წინ აღუდგნენ მის დაკრძალვას მუსლიმანთა სასაფლაოზე ან მის მახლობლად.
მირზა ფათალი ახუნდოვი 1812 წელს აზერბაიჯანში დაიბადა. მიღებული ჰქონდა ტრადიციული სპარსულ-არაბული განათლება. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ცნობილი პოეტი და მოაზროვნე მირზა შაფი ვაზეჰი, რომლის გავლენითაც ახუნდოვმა უკუაგდო ადრინდელი გადაწყვერილება სასულიერო პირი გამხდარიყო. 1834 წლიდან მუშაობდა თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, აღმოსავლური ენების თარჯიმნად. ამასთან, თბილისის სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა თურქულ და სპარსულ ენებს. თბილისში ახუნდოვი ეზიარა რევოლუციურ დემოკრატიულ იდეებს. ურთიერთობა ჰქონდა მისი დროის მოწინავე ადამიანებთან, მ. შ. კავკასიაში გადმოსახლებულ დეკაბრისტებთან. ლიტერატურული მოღვაწეობა 30-იან წლებში დაიწყო. წერდა ლექსებს, კრიტიკულ ნარკვევებს.
ახუნდოვის მოღვაწეობამ დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანულ და ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. ქართულად ახუნდოვის კომედია ("ლენქორანის ხანის ვეზირი") პირველად თარგმნა ა. წერეთელმა "ხანის ვეზირის" სახელწოდებით (დაიბეჭდა 1898 წელს "კრებულში", № 7 და იმავე წელს წარმოადგინეს ქართულ სცენაზე).