სკანდალური წერილია, სადაც ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ არა ირაკლი კობახიძის განცხადებით, არამედ ხუთი თვით ადრე თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით იყო შეჩერებული საქართველის გაწევრიანების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„წერილის მიხედვით, მაინტერესებს, გააპროტესტებს თუ არა რუსთაველზე მდგომი რამდენიმე ათეული ადამიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებას და მოიხდიან თუ არა ბოდიშს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაში სრულიად უსამართლოდ ადანაშაულებდნენ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩის წერილში საუბარია იმ პროგრამის შეჩერებაზე, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს, რომელშიც საქართველო ევროკავშირის თუ დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებული მოკავშირე იყო. როდესაც ამგვარი პროგრამის შეჩერებაზე საუბრობ, რა თქმა უნდა, იქ მიზნებიც უკვე ნათელია. დაველოდებით მომენტს, როდესაც ევროკავშირის გაფართოება რეალური მიზანი გახდება, არათუ გაფართოების იდეით სხვადასხვა ქვეყნის მიმართ კონკრეტული შანტაჟი. სწორედ ამ შანტაჟზე იყო საუბარი ირაკლი კობახიძის ნოემბრის განცხადებაში, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ არცერთი, თუნდაც ყველაზე ღირებული, იდეით, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვაშანტაჟონ და თუნდაც ისეთი გადაწყვეტილებები მიგვაღებინონ, როგორებიცაა ხელისუფლების ცვლილება, მათ მიერ დასმული მარიონეტების ხელისუფლებაში მოყვანა თუ ყველაზე უფრო მძიმე გადაწყვეტილება, რაც, შეიძლება, საომარ პროცესებში ჩართვა ყოფილიყო“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.