საქართველოს სოფლების კომპიუტერიზაციის პროცესი სექტემბრის ბოლოს დასრულდება. დღეს „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაქრაძე გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც რეგიონებში ინტერნეტის შეყვანის სამუშაოებში მონაწილეობენ. გ. ბაქარაძემ „სილქნეთთან", „კავკასუსსა" და „დელტასთან" ერთად სოფლებში ინტერნეტის შეყვანის გრაფიკი განიხილა.
სამუშაოები შიდა ქართლიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად მოიცავს კახეთს, სამეგრელოს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, რაჭას, გურიას, აჭარას... პროგრამის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული 300 სოფლის კომპიუტერიზაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ცენტრების 600 თანამშრომელი ვიდეო-გაკვეთილების, შემეცნებითი ფილმების, აუდიო-ლიტერატურის დახმარებით თავიანთ თანასოფლელებს პროგრამირების საფუძვლებს შეასწავლის, გააცნობს ელექტრონული ვაჭრობის საშუალებებს, მიაწვდის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ნებისმიერ ონლაინ სერვისს, გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას სასურველი მომსახურების შესახებ. აქვე იქნება შესაძლებელი ასლის გადაღება, დოკუმენტის ამობეჭდვა და დასკნარება, სკაიპით სარგებლობა.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პრეზენტაცია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 10 მაისს გაიმართა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მის სადამფუძნებლო დეკლარაციას მოაწერა ხელი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. სახალხო პროექტში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების გარდა, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც ჩაერთვნენ. პროგრამის მხარდამჭერები არიან იუსტიციის სამინისტრო, „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია", კომერციული ორგანიზაციები - „ლიბერთი ბანკი", „მაგთიკომი", „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", „სილქნეტი", „კავკასუსი", „ლუკოილი", „ვისოლი", „რომპეტროლი", „გალფი" და სხვ.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" მუშაობაში ჩართვა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის დასაქმების საუკეთესო საშუალებაა, მხოლოდ პირველ ეტაპზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 300 სოფლის ოფისებში, კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს საკუთარ თანასოფლელებს უკვე 600 ადგილობრივი მცხოვრები შეასწავლის.