პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტის სახელით მადლობას უხდის საქართველოში მყოფ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას. მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
"მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე სწორედ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის ინიციატივით. ეუთოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა", - აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი.
მანჯგალაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც წინ გადადგმული ნაბიჯები, ასევე არსებული ნაკლოვანებები.
"ამავე შეხვედრაზე დაისახა მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი უდიდესი პატივისცემით არის გამსჭვალული ბატონი რიკარდო მილიორის, ბატონი ტონინო პიცულას და ეუთოს დელეგაციის სხვა წევრების მიმართ. დიდი გულისყურით ეკიდება მათ თითოეულ მოსაზრებას და, ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ეუთოსთან თანამშრომლობა საქართველოსთვის, თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხზე, ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.