საკუთარ კარებში გოლების გამტანების დიდი ბრიგადაა შემოსეული საქართველოში, თუმცა, ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სამტრედიაში ვიზიტისას განაცხადა , სადაც ადგილობრივ მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მერაბ ჯანელიძე წარუდგინა.
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, სწორედ საკუთარ კარში გოლის გატანის მცდელობაა იმაზე საუბარი, რომ რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო, რომ იმ ენერგეტიკულ თუ ეკონომიკურ ემბარგოში, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს, დამნაშავე სწორედ ქართული მხარე იყო.
"მათთვის, ვინც გვეუბნება, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომიო, ალბათ სულ ერთია, ვის კარებში გაიტან გოლს - შენი გუნდის თუ მოწინააღმდეგის. საკუთარ კარებში გოლების გამტანების დიდი ბრიგადაა შემოსეული საქართველოში, თუმცა ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ, რადგან თუ შენ ამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მაშინ შენ ცდილობ, რომ გოლი გაიტანო შენს კარებში. როცა შენ ცდილობ, რომ ყველაფერში, რაც საქართველოს დაატყდა თავს, სწორედ შენი ქვეყანა დაადანაშაულო, შენ ცდილობ გოლი გაიტანო შენს კარებში. ამაზე მეტი საკუთარ კარში გოლის გატანა რაღა არსებობს ქვეყანაზე. სანამ ჩვენს კარებში ასეთი მეკარეები დგანან, გოლს ვერ გაგვიტანენ, მათ შორის საკუთარ კარში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, მოწინააღმდეგეების საპასუხოდ, რომლებიც ევროპასა და რუსეთს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ, ქუთაისის აეროპორტი დაიწყებს ფუნქციონირებას, საიდანაც ევროპის დედაქალაქების მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.
პრეზიდენტის თქმით, მისი განკარგულებით, სამტრედიაში უახლოეს კვირაში რკინიგზის სამმართველო აღდგება.