საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს იწყება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხათუნა დეკანოიძის განცხადებით, ყველა სკოლა 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს.
მინისტრის განცხადებით, წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას და წელს 140 ათასი მოსწავლე I-დან XII კლასის ჩათვლით სახელმწიფოსგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს.
"სახელმძღვანელოები გადაეცემათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს, იმ ოჯახების მოსწავლეებს, საიდანაც ერთდროულად სამი ან მეტი ბავშვი სწავლობს სკოლაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ", - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, წელს პირველად სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას სხვა სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. სახელმძღვანელოების მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. 1 სექტემბრისთვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც სახელმძღვანელოები გაიყიდება.
ხატია დეკანოიძის მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 საათის განმავლობაში მიიღებს. გარდა ამისა, 17 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში ნეტბუკი დახვდება.
რაც შეეხებათ უმაღლეს სასწავლებლებს, სწავლის დაწყებას სასაწვლებლები თავად წყვეტენ, თუმცა სასწავლო პროცესი არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა უნდა დაიწყოს. იგივე ეხებათ საბავშვო ბაღებსაც, რომლებიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არიან.