"ნაციონალური მოძრაობა" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკულ შეფასებას "კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას უკავშირებს". ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ გამოირიცხება, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მიწოდებული კონკრეტული ინფორმაცია ზუსტი არ იყო.
" მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყოს ზუსტი", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავისი საქმიანობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით წარმართოს და თითოეულ ქმედებასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
"ნაციონალური მოძრაობის" სპიკერი შეფასებით, ეუთოს დელეგაციამ აღნიშნა იმ წარმატებების, რომელსაც საქართველომ 2008 წლის არჩევნების შემდეგ მიაღწია.
"საუბარი იყო იმ აშკარა ძალისხმევაზე, რომელიც მიმართული იყო სიების დაზუსტებისკენ, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ და მედიის ხელმისაწვდომობის გაფართოებისკენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც და ამ მიზნის მისაღწევად მან უმცირესობას მოუწოდა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ, ასევე აღიარონ არჩევნების შედეგები", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.