მჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობას სახალხო დიპლომატიით აღვადგენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ხონის რაიონის სოფელი გორდაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მოსახლეობასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს საქართველოს ბევრი რუსი ტურისტი ეწვია.
„ეს ადამიანები უკვე თავისუფალ ქვეყანაში ჩამოდიან. ჩვენ დამპყრობელთან არ გვინდა კავშირი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობის დიდი სურვილი გვაქვს. ჩვენ გვსურს, რომ აღგვიქვამდნენ წარმატებულ ქვეყნად და არა როგორც მათ მიერ დაპყრობილ რაღაც ობიექტს. მჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობას სახალხო დიპლომატიით აღვადგენთ. მან, ვინც ამბობს, რომ საქართველოს გზა უკეთესი ცხოვრებისკენ უთავმოყვარეობაზე გადის, ჩვენი ისტორია არ იცის. თავმოყვარეობით, განვითარებითა და ღირსებით, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევით, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებით მოვიგებთ ყველას, მათ შორის, დამპყრობელი ქვეყნის მოსახლეობის გულს, იმ დამპყრობლის, რომელიც დღეს ამდენ პრობლემას უქმნის საქართველოს და ჩვენი რეგიონების მოსახლეობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.