ახმეტაში სტუდია „GNS"-ის (ნანა ლეჟავას „კვირის რეპორტაჟი") ჟურნალისტების ვასილ დაბრუნდაშვილის და ბაჩო ბულისკერიას ცემის ფაქტზე შს ახმეტის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის პოლიციაში განუცხადეს სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 120 მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.
ვასილ დაბრუნდაშვილი და ბაჩო ბულისკერია ახმეტაში გუშინ, საღამოს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ცემეს და ვიდეოკამერა დაუმტვრიეს. ჟურნალისტები ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტზე რეპორტაჟს ამზადებდნენ. მათ თავს ერთ-ერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის გადაღების დროს, ამავე საწარმოს მეპატრონეები ოსიკო და ნოდარ ჭიჭიაშვილები დაესხნენ. ცემის შედეგად ჟურნალისტებმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, განსაკუთრებით ოპერატორი ბაჩო ბულისკერია დაზარალდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ახმეტის საავადმყოფოში გაუწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭიჭიაშვილები ახმეტაში დიდი რაოდენობით ხე - ტყეს უკანონოდ ჭრიან. მათ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და მისი ძმა, კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფრო დავით ლორთქიფანიძე ლობირებენ.