კოალიციის ლიდერი ვარ მე და შესაბამისად, პრემიერობის კანდიდატი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მასთან დებატების სანაცვლოდ ჰპირდება, რომ უხერხულ შეკითხვებს არ დაუსვამს. მისი თქმით, იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და ხელისუფლების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მასთან დებატებში დაჯდომა გაბედოს, აუცილებლად მიაჩნია, ამგვარი პირობა მისცეს.
"საქართველოში დღეს არის ორი გამოკვეთილი ძალა, სახელისუფლებო ძალა და კოალიცია "ქართული ოცნება". ამ კოალიციის ლიდერი ვარ მე და შესაბამისად კანდიდატი პრემიერობის, ანუ ქვეყნის პირველი პირობის პოსტზე. მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღევანდელ საპენსიო თანამდებობაში არ აგერიოთ. თუ ისინი პრემიერობის კანდიდატს დაასახელებენ, რასაც სააკაშვილი დღემდე ვერ ბედავს და თუ იტყვიან, რომ ეს იქნება მერაბიშვილი, აუცილებლად დავუჯდები მას ტელედებატებში. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, ვერ გამირკვევია, მას რეალურად რა ევალება, ყველა კითხვაზე ერთსა და იმავე პასუხს სცემს და მასთან დებატები მოსახლეობისთვის საინტერესო არ იქნება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღემდე საპენსიო პოსტია და ვანო მერაბიშვილი შს სამინისტროდან "გამოძევებით" და ამ პოსტზე დანიშვნით დააქვეითეს.
"ამიტომ ვერც ვანო გამოდგება ჩემს საპირწონედ და არ იქნება საინტერესო", - აღნიშნა ივანიშვილმა.
"რა ნომერიც უნდა დააწერონ შუბლზე ბაქრაძეს და ვანო მერაბიშვილს, მე მათ დებატებში არ დავუჯდები, იმის მიუხედავად რომ ნაცნობობა მაკავშირებს მერაბიშვილთან, საზოგადოება ამას არ მიიღებს, ჩვენ ერთნაირი წონის არ ვართ", - განაცხადა ივანიშვილმა.