5 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ლუქსემბურგში მცხოვრები ქართველი მხატვრის ირინა გაბიანის ვიდეოარტი სახელწოდებით "შეუცნობელი სამყარო".
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სამყარო, ყოფიერების არსი - ეს ის თემებია რომელზეც ფიქრი კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში თანსდევს. ალბათ ყველა ადამიანი, პერიოდულად უბრუნდება ამ მარადიულ მცნებებზე ფიქრს და ცდილობს ნაწილობრივად მაინც იპოვოს პასუხი მათზე. ირინა გაბიანი ცდილობს სხვა და სხვა მხატვრული ხერხით გადმოგვცეს ამ საკითხების თავისებური და საინტერესო ინტერპრეტაცია.
ირინა გაბიანი არის მხატვარ-კონცეპტუალისტი, რომლის ინტერესის სფეროა გრაფიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ინსტალიაცია, ვიდეო არტი და პერფორმანსი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 17 ვიდეო ნამუშევარი და ასევე ფოტო დოკუმენტაციები. ამ ნამუშევრების მეშვეობით, მხატვარი ცდილობს, სამყარო უჩვეულო რაკურსით დაგვანახოს და ამით ხაზი გაუსვას თავის ნამუშევრების ძირითად კონცეფციას - სამყაროს მრავალფეროვნებას და კომპლექსურობას. ვიდეონამუშევრებში გამოყენებული აქვს ჯალალ-ედ-დინ რუმისა და ლაოძის ტექსტები.
ირინა გაბიანი 1998 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში. იგი ინტენსიურად მართავს გამოფენებს. მას იწვევენ მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე, არტ ფორუმებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
2011 წელს მონაწილეობა მიიღო ვენეციის 54-ე ბიენალეზე, Arsenale-ს მთავარ საგამოფენო სივრცეში, იტალიის პავილიონში.
ასევე 2012 წელს მიწვეული იყო ლუქსემბურგის "Design in the city" ბიენალეზე.
მასალის გამოყენების პირობები