მცხეთაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა წვევამდელი 21 წლის ჯაბა გაბიტაშვილი. თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულის ოჯახს ტელეფონით აცნობა, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა, - იუწყება ტელეკომპანია „მეცხრე არხი".
ამავე საინფორმაციო საშუალების ცნობით, სატელეფონო ზარის შემდეგ დაღუპულის ოჯახს პირისპირ თავდაცვის სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი არ დალაპარაკებია. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დაღუპული წვევამდელის ოჯახის წევრები პროზექტურასთან იმყოფებოდნენ და ცხედრის ნახვას ითხოვდნენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და საეჭვო დეტალებზე საუბრობენ. „ფეხზე ჰქონდა მობმული იარაღი და პირში ედო ლულა. თუ არ დააბეს და სამმა - ოთხმა კაცმა არ მოკლა, ეგ თავს არ მოიკლავდა, ვერ მოერეოდნენ, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბავშვი იყო", - აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა „მეცხრე არხთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს, გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი, 18 წლის კობა მახარაშვილი გარდაიცვალა. კობა მახარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.