დღეს, 21 აგვისტოს, 13:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ისაუბრებენ კოალიციის გადაწყვეტილებაზე წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის
მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლას მართლმსაჯულების სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კოალიციიდან აცნობეს, კოალიციამ გასული თვეების განმავლობაში გაანალიზა საამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური ხარვეზები და შეიმუშავა მათი აღმოფხვრისათვის აუცილებელი რეკომენდაციები. კოალიციის მიზანია, ყველა დაინტერესებულ პირს გააცნოს რეკომენდაციები და აქტიურად შეუწყოს ხელი მათ იმპლემენტაციას. ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პოლიტიკური პარტიებისთვის კოალიციის მოსაზრებების მიწოდება იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაზრდისათვის.
ამ მიზნით, კოალიციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ შეხვდნენ და ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიასთან. 2011 წლის აპრილს ჩამოყალიბებული კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აერთიანებს 30-ზე მეტ წევრ
არასამთავრობო ორგანიზაციას. კოალიციის შექმნის მიზანია, მიმდინარე სასამართლოს რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, ადამიანის უფლებების
სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების და, ასევე, მედიის ძალისხმევის გაერთიანება.