კახეთში რთველი რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში ყურძენს 55 პუნქტი ჩაიბარებს.
„რთველი წელს შედარებით ადრე იქნება იმიტომ, რომ ყურძენი უკვე კონდიციაში შედის. რამდენიმე დღეში ძეიძლება რომ უკვე დავიწყოთ. ჩვენ მზად ვართ. რთველს დედოფლისწყაროს და სიღნაღის ზონიდან დავიწყებთ. შარშან კახეთში სულ 40-მდე მიმღები პუნქტი იყო, წელს გავზარდეთ 55-მდე", - აღნიშნა გუბერნატორმა.
პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ქარხნებთან რიგები არ იყოს და ფასი იყოს მაღალი. „საერთო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავიჭიროთ უფრო მაღალი ფასი იმიტომ, რომ ზოგადად სოფლის მეურნეობის სტიმულირებისთვის, განსაკუთრებით განადგურებული ვენახების ფონზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბაზრები უკვე არის, პირველი წელია როცა პრინციპში ყოველთვიურად მაქვს მოხსენება, რომ იზრდება ჩვენი ღვინის გასაღების მაჩვენებელი მსოფლიო ბაზრებზე. თეორიული პრობლემაც კი არ გვაქვს გაყიდვის. ახლა მთავარია, რომ მევენახემ დაინახოს სარგებელი. მე თბილისის მერიას ველაპარაკები, თბილისში განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ, რომ სექტემბრის განმავლობაში სპეციალური ბაზრობები მოვაწყოთ. მთავარია, რომ ფასი დავიჭიროთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
კახეთში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, წელს რეგიონში 80-90 ათასი ტონა ყურძენია მოსალოდნელი.