ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ ცესკო-მ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას" საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ცესკო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. "წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე".
აქვე აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებული საკანონმდებლო ნორმა 2007 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული საკითხი არ გამხდარა საარჩევნო დავის საგანი 2008-2010 წლების არჩევნების პერიოდში და არ ყოფილა საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი 2009 და 2010-2011 წლებში, როდესაც ახალი საარჩევნო კოდექსის მუშავდებოდა", - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება გუშინ, 18:00 სთ-ზე დასრულდა. 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა ორი საარჩევნო ბლოკი; ესენი არიან: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" (ბლოკში ერთიანდებიან პარტიები - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს ევროპელი დემოკრატები") და "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" (ბლოკში ერთიანდებიან - პ/გ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", პ/მ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პ/გ "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები" და პ/გ "ეროვნული ფორუმი").
ცესკო-ს მონაცემებით, გრძელდება პარტიების რეგისტრაციის პროცესი. განაცხადები რეგისტრაციაზე სულ - 41-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიტანა. დღეისათვის ცესკოში უკვე 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, 8-ს კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ცესკო-მ ბლოკს ნომერ 7-ის მინიჭებაზე უარი უთხრა.