წნორის ღვინის ქარხანა ყურძნის მიღებას 25 აგვისტოდან დაიწყებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში, თამაზ ნასყიდაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ყურძენი ლაბორატორიულად უკვე შემოწმებულია და შაქრიანობა 19-22 გრადუსია.
„სიღნაღში რთველი 25 აგვისტოდან დაიწყება, ყურძენს წნორის ღვინის ქარხანა ჩაიბარებს, ფასები ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მხოლოდ ის ვიცი, რომ შარშანდელთან შედარებით ფასი მეტი იქნება", - აღნიშნა თამაზ ნასყიდაშვილმა.
მისივე თქმით, ცხელი ზაფხულის გამო, წელს ყურძენი ადრე დამწიფდა, მოსავალია ხარისხიანია, მაგრამ გასულ წელს უფრო მეტი იყო. შარშან ჰექტარზე საშუალოდ 8 ტონა მოსავალს იღებდნენ. წელს საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 6 ტონა იქნება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში სულ 2500 ჰექტარი ვენახია, აქედან 600 ჰექტარი საფერავია.
2011 წელს, კახეთში ყურძნის მოსავალმა 113 506 ტონა შეადგინა. აქედან 82 179 ტონა რქაწითელი, 26 236,5 ტონა საფერავი, 5 090,5 ტონა კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო, მათ შორის ჰიბრიდული. რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 45-50 თეთრად, საფერავი კი 60-65 თეთრად ჩაიბარეს. აქედან რქაწითელზე სუბსიდია 15 თეთრი, საფერავზე კი 25 თეთრი იყო. კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბის ფუნქციონირების მიუხედავად, გლეხებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარება უჭირდათ, რის გამოც საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები