თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვია. საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი რიკარდო მილიორი, ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა, გენერალური მდივანი და მათი თანხმლები პირები
წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას გაეცნობიან და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
შეხვედრები დაგეგმილია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ცესკო-სა და უწყებათაშორის კომისიასთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, იტალიის პარლამენტის წევრი რიკარდო მილიორი საქართველოს ამ რანგში პირველად ეწვევა. ის ასამბლეის პრეზიდენტად ივლისში აირჩიეს. ამავე ასამბლეის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 56 ქვეყნის პარლამენტის 400-ზე მეტი წევრს აერთიანებს. ივლისში მონაკოში გამართულ სესიაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია რუსეთის მიერ საქართველოს ტრიტორიების ოკუპაცია და გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.