ყველა უბანზე, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში უნდა შევაჩეროთ გამყალბებლები და არ ჩავადენინოთ ეს დანაშაული, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, რუსთავში გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ბრძოლაში მათი მთავარი იარაღია სიმართლე.
"ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ამ გაყალბების მანქანას. ჩვენ ვიცით ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში ჰყავთ ჩათრეული, ზოგი ნებით, ზოგი - იძულებით.გაყალბება, ისევე როგორც ქურდობა, სისხლის სამართლის დანაშაულია, და ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა დაისჯება. ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამას დაამკვიდრებს ამ ქვეყანაში და ამით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ არჩევნების გაყალბების სამარცხვინო ტრადიაციას, რომელიც 20 წელია ვერა და ვერ დავძლიეთ", - განაცხადა ივანიშვილმა და შეახსენა, რომ ის, ვინც ხმების ქურდობას, ხმების გაყალბებას და სამშობლოსთვის მომავლის წართმევას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე! პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით! "როგორც ვაჟა ამბობს: „თავისუფლების ქურდები, ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან".
"მინდა მივმართიო ყველას: კანონის გეშინოდეთ და კანონის იმედი გქონდეთ!", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ვეღარაფერი შეაჩერებს!
"ქვეყნის ბედს თქვენ წყვეტთ, ქვეყნის ბედს 1-ელ ოქტომბერს თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები გადაწყვეტთ! 1-ელ ოქტომბერს თქვენ სამშობლოს არჩევნებზე სჭირდებით! ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს!!! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!!! ჩვენი სამშობლოსთვის!!! ჩვენი საქართველოსთვის!!!", - განაცხადა ივანიშვილმა.