ბიზნესთან დამოკიდებულებაში ყველაზე კარგად ჩანს, როგორ უყურებს ხელისუფლება დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას, - ასე დაიწყო ბიზნესნემებისადმი მიმართვა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, რუსთავში გამართულ
მისი თქმით, სამუშაო ადგილებს არ ქმნის მთავრობა და მით უფრო არ ქმნის დასაქმების სამინისტრო. სამუშაო ადგილებს სწორედ ბიზნესი ქმნის.
"ჩვენთან ბიზნესი განიხილება როგორც დაფინანსების წყარო ხელისუფლების მიზნების მისაღწევად, ბიზნესმენი კი „გასაწეწ ობიექტად" არის მიჩნეული. ამ ხელისუფლებისათვის ბიზნესმენი კლასობრივი მტერია, რომელიც ან უნდა დაჰყვეს მათ ნებას, ან უნდა განადგურდეს. ვინც ნაცმოძრაობის მხარდამჭერი არ არის და ხელისუფლების მითითებებს არ ასრულებს, ის აუცილებლად გაკოტრდება, თუ საერთოდ დაჭერას გადაურჩა.
ასეთი არანორმალური ვითარება მოგვიტანა სააკაშვილის პოლიტიკამ. როდესაც თავისუფალი ბიზნესის მხარდაჭერის ნაცვლად სახელმწიფო სრულად აკონტროლებს ბიზნესს და ქმნის მონოპოლიებს - ეს არის სწორედ თავი და თავი იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად ბიზნესი არ ვითარდება და სამუშაო ადგილები არ იქმნება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ბიზნესმენებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი! "საბედნიეროდ, ეს დრო დამთავრდა მთელ ქვეყანაში და აღარასოდეს გამეორდება!"
"ქურდული წესრიგი ხელისუფლებამ კი არ მოსპო, არამედ ჩაანაცვლა და ერთი მოძალადე მეორეთი შეიცვალა. ამიტომ, ვპირდები ჩვენს ბიზნესმენებს: ჩვენ დავამყარებით წესრიგს, რომელიც შექმნის სტაბილურ, კანონზე დაფუძნებულ გარემოს.დადგინდება თამაშის წესები და მისი შეცვლა ხელისუფლის ნება-სურვილზე აღარ იქნება დამოკიდებული. ამის პირობას მე გაძლევთ! ასევე, ჩვენ აღვადგენთ დამოუკიდებელ არბიტრაჟს, რომელიც გადაწყვეტს დავებს სახელმწიფოსა და ბიზნესმენს შორის. არბიტრაჟი ძალიან ცოტა ხანს ფუნქციონირებდა საქართველოში და ის იყო სერიოზული ინსტიტუციური ბერკეტი ხელისუფლების განუკითხაობისგან ბიზნესის დასაცავად. სწორედ ამიტომ გააუქმა იგი ხელისუფლებამ. ჩვენ ამ ინსტიტუტს აუცილებლად აღვადგენთ და გავაძლიერებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.