ქუთაისში, მთავრობის სახლში, მთავრობის წარმომადგენელთა და ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თამბაქოს კანონის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.
საქართველოში 2012 წლის მონაცემებით მწეველები მოსახლეობის 30.4% შეადგენს და მათი 91.2% ყოველდღიური მწეველია, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს, აქედან 600 000-ზე მეტი ადამიანი მეორადი კვამლით იღუპება. ე.წ. პასიურ მოწევას ისეთივე შედეგები მოაქვს, რაც აქტიურს. იგი აუარესებს სიცოცხლის ხარისხს, იწვევს მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ხარჯს საზოგადოებისა და ოჯახებისათვის. ამის გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და თამბაქოს წინააღმდეგ მებრძოლი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია წლიდან წლამდე უფრო დიდ ყურადღებას აქცევს არამწეველთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა დაცვას თამბაქოს კვამლისგან.