საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რეგიონებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს
დავით ბაქრაძემ დღეს ტყიბულის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პავლე კუბლაშვილი წარუდგინა.
შეხვედრა მოსახლეობასთან მოცვის პლანტაციაში შედგა, რომელიც კერძო ინვესტიციითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით 7 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა სოფლად მნიშვნელოვანია, რათა სოფლის მეურნეობა სწორად განვითარდეს. პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას მთავრობის ახალ პროგრამებზე ესაუბრა, რომლის მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
დავით ბაქრაძის თქმით, ეს მოცვის საწარმო იმის ნიმუშია, თუ სახელმწიფოს დახმარებით და კერძო ინვესტიციებით როგორ შეიძლება გაკეთდეს თანამედროვე საწარმო, სადაც დასაქმებული არიან სოფლის მცხოვრებლები და იღებენ შემოსავალს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამავე და სხვა რაიონებშიც მსგავსი მეურნეობების განვითარებას, ვინაიდან ჩვენი საბოლოო ამოცანაა განვითარდეს სოფელი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, შეიქმნას გადამამუშავებელი მრეწველობა და ამ ყველაფრით ქართული სოფელი იყოს უფრო ძლიერი და სოფლად მცხოვრები ყველა ოჯახი იყოს წელში გამართული და მიიღოს უფრო მეტი სარგებელი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვანისა და ჩოხატაურის რაიონებშიც წარადგინა. კერძოდ, ჩოხატაურში - მანანა ჯინჭარაძე, ვანში კი - პაატა ლეჟავა.
„დღეს ნაციონალური მოძრაობა წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატს იმერეთის ორ რეგიონში – ტყიბულსა და ვანში, ასევე გურიაში – ჩოხატაურში. სამივე ეს რაიონი არის საქართველოს კუთხეები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი განვითარება. სამივეგან ტრადიციულად სოფლის მეურნეობა იყო განვითარებული, რომელიც 90–იან წლებში პრაქტიკულად განადგურდა და მოისპო, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ აქ სოფლის მეურნეობის აღდგენისათვის, სოფლის განვითარებისა და გაძლიერებისათვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ
მასალის გამოყენების პირობები