რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის მთავრობას "Pussy Riot"-ის წევრების მიმართ "გასამართლების დროს კანონის ფარგლებში გულმოწყალების გამოჩენის" თხოვნით მიმართა. ეკლესია იმედს გამოთქვამს, რომ დაკავებულები მსგავს მკრეხელობას აღარ გაიმეორებენ. ამის შესახებ ნათქვამია უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებში.
"ეკლესია მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარი დაუჭირა მას, გაკიცხა ღვთისმგმობი საქციელი. მივიჩნევთ, რომ ბუნებრივია დაკავებულტა მიმართ თანაგრძნობის გამოხატვაც, რომელიც მომდინარეობდა როგორც ეკლესიის შვილთა, ისე ეკლესიის მიღმა მდგომთაგან. აუცილებელია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ცოდვა და ცოდვილი. პირველი უნდა განვსაჯოთ, მეორისგან კი მონანიებას უნდა ველოდოთ. ღმერთი ყოველთვის ეძებს ცოდვილთა ხსნის გზას და მონანიებისკენ მოუწოდებს. ამდენად, ეკლესიაც ცდილობს იმ ჭრილობების მოშუშებას, რომლებიც სიტყვიერი შეურაცხყოფის ცოდვისგან მომდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლომ პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის სამი წევრი ბრალდებულად ცნო და რელიგიური შეუწყნარებლობის და მტრობის მოტივით ხულიგნობისთვის, თითოეულ მათგანს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასჯელის დადგენისას სასამართლომ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები და დაზარალებულთა მოსაზრებები. მოსამართლე მარია სიროვამ განაცხადა, რომ აქცია იყო წინასწარ დაგეგმილი და "დანაშაულის ყოველი ეტაპი მომზადებული იყო".
განაჩენში აღნიშნულია, რომ Pussy Riot-ის წევრებმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის შექმნეს ჯგუფი, რომლის ზოგიერთი წევრი შემდგომში მიიმალა.
"განსასჯელები ათვითცნობიერებდნენ თავიანთ შეურაცხმყოფელ ქმედებებს და გარეგან სახეს. აპირებდნენ, თავიანთი ქმედებისთვის მიეცათ საჯარო გახმაურება და საზოგადოებრივი რეზონანსი, სურდათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ არა მხოლოდ ეკლესიის მსახურთათვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის, მათ შეურაცხყოფა და წყენა მიაყენეს მართლმადიდებელ მრევლს", - განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ.