საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ჭიათურის სამედიცინო ცენტრს ესტუმრა და დაწესებულების საქმიანობას გაეცნო.
თანამშრომლებთან საუბრისას ჯანდაცვის სექტორში არსებული რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა და კლინიკის მზადყოფნა შეამოწმა ახალი სარეზერვო პროგრამის ბენეფიციართა მისაღებად. ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე და ექთნებისთვის ხელფასების მომატების საკითხზე.
2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით დაახოებით მილიონ ადამიანს დააზღვევს. შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა მთლიანობაში 2.4 მილიონს მიაღწევს, რაც გაზრდის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.
შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" კუთვნილი15-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. აქ პაციენტებს რეანიმაციული, ქირურგიული, მეან-გინეკოლოგიური, რადიოლოგიური, ნეონატოლოგიური, ინფექციური, ოფთალმოლოგიური და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ.