საქართველოს პრეზიდენტმა, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარის აღმართვამდე განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა მისი ბავშვობის ოცნება იყო. პრეზიდენტის თქმით, ბაგრატის ტაძარი იყო ერთიანი საქართველოს სიმბოლო და ბაგრატის ტაძრის აშენების შემდეგ ერთიანი საქართველოს მშენებლობაც დაიწყება.
პრეზიდენტმა ზოგიერთ პოლიტიკოსსაც მოუწოდა, რომ ახალი მშენებლობებით არ გაღიზიანდეს, რადგანაც ის ხომ საუკუნებისა და შთამომავლების საკუთრებაა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, სუბიექტისა თუ თუნდაც პრეზიდენტის.
"დღეს დიდი დღეა ჩემთვის. ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებაც, იმიტომ რომ ჩემმა დიდმა ბაბუამ, რომელმაც გამზარდა ნიკოლოზ წერეთელმა მისი მამა იოსები, იყო დეკანოზი, საეკლესიო მოსამართლე და დიდხანს მსახურობდა ქუთაისში. ჩემი დიდი ბაბუისგან ბავშვობიდან მახსოვს, რომ მათი ყველაზე დიდი ოცნება იყო ბაგრატის ტაძრის აღდგენა. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის არტირელიამ. ტაძრები მათ საღებავებით გადაგვიღებეს და დაფარეს ჩვენი ფრესკები, ხოლო ეს ტაძარი დაანგრიეს. არის დრო ქვების დანგრევის, არის დრო შავი ქვების შეგროვების და ეხლა ჩვენ გვაქვს დრო ტაძრის მშენებლობის. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას: ეს აღმშენებლობა ყველას ეკუთვნის, ჩვენ შევდივართ ოქროს ხანაში, უნდა გვესმოდეს რომ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ და ავაშენოთ და ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის კუთვნილება. მე ამ თემის პოლიტიზირება არ დამიწყია, ვიღაც პოლიტიკოსმა, რომელიც იძახდა რომ არ უნდა აღდგეს და თუ რამე შენდება აღიზიანებს, ხალხო რა გაღიზიანებთ? ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, მაგრამ ტაძარი ხომ დაგვრჩება? ეს ხომ ეკუთვნის სრულიად საქართველოს, ეს ეკუთვნის ყველა პოლიტიკოს და არაპოლიტიკოსს, მორწმუნეს და არამორწმუნეს. იმიტომ რომ ბაგრატი არის ერთიანობის სიმბოლო. ამიტომ კარგი საქმეა ამ სამსახურში ყოფნა სადაც მე ვარ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია იმ სურვილების ასრულება რომელიც ბავშვობიდან გვაქვს.. ეს არ ყოფილა მარტო ჩემი ოცნება, ეს იყო თითოეული თქვენთაგანის ოცნება, რომელიც დადიოდა ქუთაისში. ეს ვერ შეძლო ძველმა მთავრობებმა. კომუნისტების დროს იყო მცდელობები მაგრამ გააჩერეს, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში აი ეს არის მთელი ხიბლი თავისუფლების.. რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია. ჩვენ სიყვარულით ავაშენებთ მთელს საქართველოს. ეს ერთი და სხვა მრავალი"- განაცხადა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი გახდება.