საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსი" მოინახულა. აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს. დიმიტრი შაშკინი მიმდინარე წვრთნებს დაესწრო და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს „ჰოჰენფელსის" საწვრთნელ ბაზაზე აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილემ კონტრადმირალმა მარკ მონტგომერიმ უმასპინძლა. ამერიკელმა პარტნიორებმა დიმიტრი შაშკინს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ქართველი სამხედროების მომზადების პროცესის დეტალური სქემა წარუდგინეს.