ახალგაზრდები, რომლებიც აქ ხართ, თქვენ უნდა გადმოგცეთ ჩვენ ესტაფეტა, და არა - წარსულის მუმიფიცირებულ მოღვაწეებს, - ასე მიმართა აღდგენილი რაბათის ციხის გახსნის ცერემონიალზე ციხის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდეტმა საქართველოს კურორტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ახალი კურორტი არის ადამიანების გამოყვანა სიღარიბიდან.
პრეზიდენტით თქმით, ახალციხეში ახალი უმაღლესი კლასის სატუმრო გაიხსნა და კიდევ ოთხი სასტუმრო კეთდება.
"აბასთუმანში ათზე მეტი სასტუმრო აშენდება. ბორჯომში ათი სასტუმრო შენდება, ახლა. გზა კეთდება აბასთუმნიდან ქუთაისისკენ. ერთ წრედ იქნება ჩვენი კურორტები, ჩვენი კულტურის ძეგლები. აქ იქნება- ბორჯომი, ვარძია, ახალციხე, რაბათი, აბასთუმანი, საირმე, რომელიც უკვე აღვადგინეთ, წყალტუბო, რომელსაც ახლა ვიწყებთ. შაორი, უწერა და შეიკვრება რკალი და ამ საქმეს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე. იმიტომ, რომ ყველა ეს ახალი კურორტი არის ადამიანების გამოყვანა სიღარიბიდან. ეს არის ახალი პერსპექტივა. ახალი ნაპერწკალი თითოეული ქართველის, თითოეული აქ მცხოვრების თვალებში. ამიტომ მე მინდა ილია ჭავჭავაძის ციტატით დავამთავრო დღევანდელი გამოსვლა: "რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა". არ არის ეს დღევანდელი ქართული ისტორიის ზუსტი აღწერა, დიდი ილიას მხრიდან? და შემდეგ ილია აგრძელებს: "ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლოა, მშვიდობიანი, წყნარი". მაგრამ ძალიან სახელოვანი და ჩვენ ამ ომში გავიმარჯვებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"და ბოლოს, მე მინდა ისევ დიდი რუსთაველის, ვინმე მესხი მელექსის ბოლო სტრიქონებით დავამთავრო - "ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად".
ჩვენ ბევრი მტრები გვყავდა და გვყავს ძალიან მრავალრიცხოვანი მტერი. მაგრამ ქართველი არასოდეს არ დაიხევს უკან და არ შეეპუება იმას, რომ ვიღაცის ფეხქვეშ იყოს გადებული. ერმა, რომელმაც ასეთი კულტურა შექმნა, ასეთი წარსული ქონდა, მას არ შერიძლება არ ქონდეს დიდი მომავალი და ამ მომავალს ვაშენებთ ჩვენ დღეს ყველანი. აი ახლაგაზრდები, რომელიც აქ ხართ, თქვენ უნდა გადმოგცეთ ჩვენ ესტაფეტა, არა წარსულის მუმიფიცირებულ მოღვაწეებს, რომელთაც უნდათ ყველაფრის გაუქმება და დანგრევა. რომელთაც უნდათ ყველაფერი აშენებულის მოსპობა. აქ არიან ძალიან მაგარი ახალგაზრდები. თქვენ ჩვენს მიერ დაწყებულ მშენებლობას, სულ რამდენიმე წელიწადში აიღებთ ხელში, გააგრძელებთ და ასჯერ უფრო მაგარ რაღაცას გააკეთებთ და ნამდვილად არ შემშურდება. გაგვიხარდება იმიტომ, რომ ჩვენს შეცდომებზე უნდა ისწავლოთ, ჩვენ აშენებულზე დააშენოთ და ასე შევქმნათ ახალი ძლიერი, ერთიანი ბედნიერი საქართველო", - განაცხადა თავისი გამოსვლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილმა.