რაბათის აღდგენის ინიციატორი იყო პრემიერ მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ამის შესახებ რაბათის რესტავრირებული ციხის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ამის ძირითადი ინიციატორი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელიც დაიბადა ამ ციხის გვერდით. ეს არის ნამდვილი გმირი. ახლა ძლივს გამოვიყვანე აქ. ცოცხალი თავით არ უნდოდა ტელეკამერების წინ დადგომა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან პრემიერ-მინისტრს გორის ციხის აღდგენის დავალება მისცა,
"ვანო - გასაგებია, რომ შენ აქედან ხარ წარმოშობით და ახალციხე უნდა აღგვედგინდა და უნდა გაგრძელდეს ახალციხის შენება. მაგრამ ბაბუაჩემი მიხეილ სააკაშვილი არის გორიდან წარმოშობით. გორში მინდა ასეთივე ციხე. ამიტომ გორის ციხე არის შემდეგი ობიექტი. შევესიოთ და ისეთი მაგარი რაღაც გავაკეთოთ, რომ თითოეულ გორელს გაუჩნდეს ბევრად მეტი პერსპექტივა, ბევრად მეტი სიამაყე თავის ქალაქის. ასე რომ ვანო, ეს დავალება მიღებულია ჩემგან და აგერ შენ ხარ ვანო და აგერ გორის ციხე. ამაზე მეტი სასწაული უნდა გავაკეთოთ გარშემო", - განაცხადა პრეზდენტმა.
მისი თქმით, ჩვენი ერთადერთი გამოსავალი პრობლემების გადაწყვეტის, სიღარიბიდან გამოსვლის არის ჩვენი ტურისტული პოტენციალის, ჩვენი უზარმაზარი კლუტურის მთელი ძალით ამუშავება.
"ჩემო მეგობრებო, ეს არის ის რაშიც ჩვენ ვერავინ შეგვედრება", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.