ფოთის ბიბლიოთეკაში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წიგნის "საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი" პრეზენტაცია გაიმართა.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი 2008 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. ეს კლუბის რიგით მესამე ანალიტიკური გამოცემაა. კრებულში ორი ძირითადი თემაა განხილული: სახელმწიფო უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა. წიგნში თავმოყრილი მასალები ნათლად მიუთითებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით.
პრეზენტაციას დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილთან ერთად, როგორც წიგნის თანაავტორი, ესწრებოდა კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია, რომელიც პოლიტიკაში წასვლამდე როგორც ადვოკატი, აქტიური უფლებადამცველი იყო.
დროგორც პრეზენტაციაზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, "საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი", რომელიც არის ძალიან მძიმე რეალობაზე აგებული, არ არის რეკომენდებული პენსიონერებისთვის და 21 წლამდე დეპუტატებისთვის.
"ეს წიგნი არის ერთ-ერთი მართლაც არაჩვეულებრივი კრებული, თუმცა შიგთავსით არის ძალიან მძიმე. მართლაც კარგი ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო ამ მძიმე ფაქტების წასაკითხად. ეს კრებული არის სარკე დღევანდელი მძიმე ცხოვრების. რაც შეეხება სასამართლოს თემას, ძალიან მძიმე თემატიკაა. ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო ტენდენცია აიღო. Bატონმა სოსომ დემოკრატიზაციის სახიფათო ტენდენციებზე ისაუბრა. სწორი შეფასებაა, დემოკრატიის სენი შეიძლება განიკურნოს უფრო დიდი დემოკრატიით. სასამართლო უნდა სამართლიანი იყოს. ბოლო წლების სასამართლოს გადაწყვეტილებების სტატისტიკა არისს წორი ინდიკატორი, რა მძიმე მდგომარეობაშია სასამართლო ხელისუფლება. სასამართლო ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 37-იან წლებში 7%-ზე მეტი იყო გამამართლებელი განაჩენები. 2007-2008 წლებში 0,01% იყო გამამართლებელი განაჩენები. ეს ციფრი ოდნავ გაიზარდა. საკმაოდ არასორი ტენდენცია საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. დამკვიდრდა, რომ თავისუფლების მოპოვება ხდება ფასიანი. სასამართლო დაემსგავსა დახლს. საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით უკვე ტერმინიც გაჩნდა, გვაქვს თუ არა 50%-იანი ფასდაკლება? ამ ფორმას არც ამერიკელები ამართლებენ და ამბობენ, ეს არის პირდაპირ ზემოდან დაშვებული კორუფციაო", - განაცხადა ბესელიამ.
პრეზენტაციის ბოლოს ბესელიამ ისაუბრა პოლიტპატიმრების თემაზე და აღნიშნა, რომ 100-ზე მეტი პოლიტპატიმარია ქვეყანაში, თუმცა არის საქმეები, რომელიც კიდევ ჯერ შესწავლის სტატიაშია და საერთაშორისო აღიარება არ მიუღიათ. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, მისი თქმით, საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს სამეულში შედის, ევროპის მასშტაბით კი მეორე ადგილს იკავებს.