ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი, 21 წლის პავლე თაბაგარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქიზიყი.ge-ს ახალციხიდან, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ნათესავებმა აცნობეს, რომელთა თქმით, ახალგაზრდა დღეს დილით დაიღუპა.
ინტერნეტ-გამოცემის ინფორმაციით, ნათესავებისთვის გარდაცვალების ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა ოჯახის ზოგიერთი ახლობელი სავარაუდო მკვლელობაზეც საუბრობს.
"კაპრალი იყო და სერჟანტის წოდება მისცეს და ახლახანს წავიდა ავღანეთში. მომავალში გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, თუმცა აღარ დასცალდა. სავარაუდოდ, მოწამლულია და ისე გარდაიცვალა. გარეგნული ჭრილობები ან დაზიანებები არ აღენიშნება, სხვა არაფერი ვიცით", - აცხადებენ ნათესავები.
ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, თაბაგარი უკვე სამი წელია, სამხედრო სამსახურში კონტრაქტით მსახურობს, ავღანეთში კი ის ორი კვირის წინ გაგზავნეს.
ოჯახის წევრების განმარტებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს ავღანეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში პარასკევს, 17 აგვისტოს გადმოასვენებენ.
გარდაცვლილს მეუღლე და 4 თვის შვილი დარჩა.