თბილისში ოფიციალური ვიზიტით კომპანია Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფის პროდუქციის მენეჯერი, დივონ ლანი იმყოფება, რომელმაც 10 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ღონისძიებას ქართული მობილური ოპერატორების, წარმატებული ვებ კომპანიების, უნივერსიტეტების და ქართულ „კონტენტზე" მომუშავე დეველოპერებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი მუშაობს იმ ქვეყნებთან, სადაც Google-ის ყველა პროდუქცია, სერვისი და წარმომადგენლობა არ არის დანერგილი და Google-ს სურს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.
დივონ ლანის განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანი საქართველოსა და Google-ის შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანაა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლოდ განსახორციელებელ საერთო პროექტებსა და პოტენციალს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს Google-ის პროდუქტებში ქართული ენის მხარდაჭერასა და რუკის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, დაიგეგმა საქართველოში ლოკალიზაციის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის დაფინანსებაც Google-ის ბიუჯეტიდან მოხდება. მომავალ პროექტებზე საუბარი შედგა როგორც საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე ინდივიდუალურად ქართველ დეველოპერებთან. ვიზიტის ფარგლებში დივონ ლანი ქართველ ბლოგერებსა და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის წევრებსაც შეხვდა.