საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემთა შეგროვების ელექტრონულ მეთოდზე გადადის. მე-3 კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევებიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოკვლევაში მონაწილე რესპოდენტებს სთავაზობს ელექტრონულ, ონლაინ კითხვარებს, რაც ადამიანური რესურსების განვითარების და რაც მთავარია, დროის და რესურსების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
პროცესის სრულად გამართვის მიზნით, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტები საქსტატის თანამშრომლებს ორ კვირიან ტრენინგს ჩაუტარებენ. ტრენინგის პირველი ეტაპი კახეთში მიმდინარეობს, სადაც საქსტატის ინტერვიუერები ეცნობიან სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის კითხვარისა და მონაცემთა შეყვანის პროგრამას. ტრენინგის მეორე ეტაპი ბათუმში გაიმართება.
საქსტატის საველე სამუშაოების კოორდინატორებს და ინტერვიუერებს გადაეცემათ სპეციალური მინი კომპიუტერები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
საქსტატი და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი 2006 წლიდან თანამშრომლობენ ადგილობრივ პარტნიორ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) ერთად.