სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საშიში საკარანტინო მავნებლის - თეთრი პეპლის II თაობის წინააღმდეგ ავიაწამლობა დაიწყო. ლანჩხუთის სოფელ სუფსასა და ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნატანებში დამუშავდა 200 ჰა დაზიანებული ფართობი.
ავიაწამლობა ჩატარდება გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში ადამიანებისა და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო, ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენებით, სადაც დამუშავდება 800 ჰა ფართობი. ავაციით შესაწამლი ფართობები შეირჩა მავნებლის მაღალი გავრცელების მიხედვით, რელიეფური პირობების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ ქიმიური წამლობისგან განსხვავებით ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენებას მყისიერი ეფექტი არ აქვს. ამერიკული წარმოების "დიპელის" მოქმედების ვადა 2-დან 6 დღემდე გრძელდება. წამლობა რეკომენდირებულია დაბალი ხნოვანების - I - II ასაკის მატლებზე. ბიოლოგიური წამლობა უსაფრთხოა ადამიანების და ცხოველებისთვის.
ავიაციის პარალელურად მავნებლის II თაობის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა განახლდება 10 აგვისტოდან. სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში დაგეგმილია 25 340 ჰა ფართობის დამუშავება.
ქ. ფოთში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ოპერატიულ დაგეგმვასა და სამუშაოების კოორდინაციას.
თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი დასახელების მცენარეს, რამდენიმე წლის მავნეობის შემდეგ მცენარე ხმება. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. მიმდინარე წელს მავნებლის პირველ თაობაზე დამუშავდა 18 330 ჰა. პარალელულად, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ 4110 ლ სპეციალური პრეპარატები, რომელიც მოსახლეობას დაურიგდა.