საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბულატორიულ კლინიკა „მედიქალ ჰაუსში", ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმთან, თემურ ღურჭუმელიძესთან გამართულ ტელე-მედიცინის კონფერენციას დაესწრნენ და ქართველი კოლეგებისთვის გაწეული პროფესიული კონსულტაცია მოისმინეს. პირველმა ლედიმ და ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
2012 წლის 1 სექტემბრიდან ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.4 მილიონს მიაღწევს, რაც თავისთავად გაზრდის სამედიცინო დაწესებულებებში, განსაკუთრებით, კი პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში, პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.
პირველადი ჯანდაცვის სფეროს განვითარება და ამ ტიპის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პირველადი ჯანდაცვის მიზანია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციისა და მათი პირველ ეტაპზე მკურნალობის გზით. აქამდე, პირველადი ჯანდაცვის პუნქტები პოლიკლინიკების სახით არსებობდა. ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში მსგავსი დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საოჯახო მედიცინის ცენტრებად გარდაიქმნა. რაიონებში პირველადი ამბულატორიული მომსახურებების მიღება ახლადაშენებულ სამედიცინო ცენტრებში არის შესაძლებელი. აღნიშნულმა ცვლილებებმა გაზარდა მომსახურების ხარისხი და ხელი შეუწყო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კლინიკა „მედიქალ ჰაუსი" აქტიურად იყენებს ტელემედიცინის შესაძლებლობებს, რომლის საშუალებითაც სამედიცინო ცენტრის პერსონალს კვირაში ორჯერ, კავშირი აქვს ამერიკელ პარტნიორებთან კონკრეტულად კი "Pacific Shore medical Clinic"-თან. ტელეხიდი „მედიქალ ჰაუსის" პერსონალს საშულაებას აძლევს მიიღონ პროფესიული რჩევები ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმებისგან. სამედიცინო ცენტრში მოქმედებს ინოვაციური „PAC-სისტემა", რომლის მეშვეობითაც ჩატარებული გამოკვლევების შედეგები საკონსულტაციოდ იგზავნება ამერიკის სხვადსხვა კლინიკებში.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. ამბულატორია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც სისტემატიურად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო კურსებს