დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის რუსეთის აგრესიიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ჯარისკაცებს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სამხედროებს სიტყვით მიმართა. 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
შეხვედრაზე საგანგებოდ წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული ჯავშანტექნიკა, როგორც სიმბოლო თავდაცვის უწყების სიძლიერის. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფომ შეძლო ძალების აღდგენა და უკვე აწარმოებს საკუთარ თანამედროვე სამხედრო ტექნიკას, რომელიც მონაცემებით უცხოურ ანალოგებს უტოლდება.
2008 წლის რუსული აგრესიის 4 წლისთავზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი კონცეფცია შეიმუშვა. ახალი კონცეფცია აგებულია შემდეგ პრინციპზე: ,,არც მშვიდობიან დროს და არც ომში არცერთ ადამიანს არ მივატოვებთ'', რომელიც ამავდროულად ქართული ჯარის ახალი დევიზიცაა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო დოკუმენტი ე.წ. 3T-ს პრინციპს ეფუძვნება და ტოტალურ ზრუნვას, ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს.
კონცეფციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური ზრუნვაა, რომელიც 2013 წლამდე ეტაპობრივად დაინერგება. სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური ზრუნვის კომპონენტებია:
• ჯანდაცვა;
• განათლება;
• შეღავათები ტრანსპორტზე;
• საბანკო შეღავათები;
• ფინანსური წახალისება და დასაქმება;
• საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა;
• დასვენება.
ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების გათვალისწინებით, მკვეთრად უმჯობესდება სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტი. ამასთანავე, სპეციალურად სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეიქმნება რეფერალური ფონდი, რომელიც საჭიროების შემთახვევაში, ასევე მოხმარდება სამხედროებისა და მათი ოჯახების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას.
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ჯანდაცვის მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზების გარდა, თავდაცვის სამინისტრო ყველა სამხედროსთვისა და მათი ოჯახებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზეც იწყებს ზრუვას. განათლების სფერო, ასევე გახდება ერთ-ერთი მოტივატორი ჯარში სამსახურის დასაწყებად.
კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას დაუფინანსებს ყველა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და ვერ იხდის სწავლის საფასურს. ასეთ ადამიანს, თავდაცვის სამინისტრო სთავაზობს ერთწლიან სავალდებულო სამსახურს ჯარში, რის შემდეგაც მისი სწავლება სრულად დაფინანსდება.
იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება საკონტრაქტო სამსახურს მეორე ვადითაც გააგრძელებს, მას თავდაცვის სამინისტრო მაგისტრატურაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს. სამხედროებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერის, ინგლისურისა და ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, ქართულის სწავლების ვაუჩერი, ასევე პროფესიული სწავლების ვაუჩერიც.
შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში სწვალების ხარჯებს დაფარავს.
სამხედროებისთვის ასევე ამოქმედდება განათლების უზრუნველყოფის საოჯახო პაკეტი, კერძოდ:
• ფასდაკლება სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში;
• ოფიცრების, კაპრალებისა და სერჟანტების პირველკლასელი შვილებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები;
• 16 წლიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის შვილების სწავლების დაფინანსება ბაკალავრიატში სახელმწიფო გრანტის ოდენობით;
• პროფესიული განათლების ვაუჩერი სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებს.
სამხედროები მუნიციპალურ ტრანსპორტში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ, მიიღებენ საბანკო შეღავათებს, ფინანსურ წახალისებასა და ფასდაკლებას დასასვენებელ საგზურებზე.
ტოტალური ზრუნვა ასევე გამიზნულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის.
3T-ს კონცეფციის დანარჩენი ორი პრინციპი ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას ეფუძვნება.
ტოტალური წვრთნა - ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სახელმწიფოს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავდეს. ამ მიმართულებით ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ძლიერი, კარგად მომზადებული ჯარი იყოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიძლიერის გარანტია.
ტოტალური თავდაცვა - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.