სომხეთში სომხეთის მოქალაქე გევორგ აირაპეტიანი აზერბაიჯანის სასარგებლოდ ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. სომხეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მას "ჯაშუშობით სამშობლოს ღალატის" ბრალდება აქვს წაყენებული.
მათი ინფორმაციით, დაპატიმრებულია ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მისი ხელისშემწყობი, რომელიც აირაპეტიანსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
სომხური მხარის ინფორმაციით, გევორგ აირაპეტიანი თადარიგის პოლკოვნიკია, რომელიც 2007 წელს სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგებიდან სამხედრო დისციპლინის დარღვევისთვის გარიცხეს.
სომხური მხარე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ჯაშუშებს სომხეთში რეგულარულად იჭერენ. 2005 წლის თებერვალში ერთი ჯაშუში დაიჭირეს. მანამდე, 2004 წელს, ერევნის სასამართლომ აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი სომეხი გაასამართლა და მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1999 წელს კი სომხეთში დააპატიმრეს საქართველოს მოქალაქე გელა ალადაშვილი, ასევე აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.