აჭარის მთავრობა "ბათუმის დინამოს" გასხვისებას გეგმავს. საუბარია კლუბის აქციათა რამდენიმე პროცენტის განკერძოებაზე. აღნიშნული ქმედებით მთავრობა კლუბისთვის დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს და თანხას ”ბათუმის დინამოს” შემდგომ განვითარებას მოახმარს. თუმცა ვიდრე აჭარის მთავრობა ”ბათუმის დინამოში” გარკვეულ წილს გაყიდის, კლუბის ერთპიროვნულის მფლობელი თავად გახდა.
დღეს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ შპს "საფეხბურთო კლუბი "ბათუმის დინამოს" 100-პროცენტიანი წილის მფლობელი, ბათუმის მერიის ნაცვლად, აჭარის მთავრობა იქნება.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, სპეციალურ განკარგულებაში ცვლილების შეტანის მიზეზი ინვესტორების მოზიდვა და "დინამოს" შემდგომი განვითარება გახდა.
აჭარის მთავრობაში ”ჯი-ეიჩ-ენს” განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება გუნდის ეფექტური მართვის მიზნით და ივესტიციების მოსაზიდად იქნა მიღებული.
რამდენიმე თვის კვირის წინ უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მილიარდერი, ლვოვის "კარპატის" ყოფილი მფლობელი, პიოტრ დიმინსკი ”ბათუმის დინამოს" შეძენითაა დაინტერესებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიმინსკის ქონება 3 მლრდ დოლარადაა შეფასებული. გარდა საფეხბურთო ბიზნეს ინტერესისა, უკრაინელ მილიარდერს აჭარაში ტურისტულ ბიზნესში შესვლაც აინტერესებს. ამ დროისათვის ბათუმის "დინამოს" ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს, მისი მომავალი მფლობელი კი ამ თანხის 3 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი შ.პ.ს. „დინამო ბათუმი“ ყოფილი ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე ბათუმის მერიამ 100%-იანი წილით 2008 წლის 2 აგვისტოს დააფუძნა.2009 წლის მდგომარეობით კლუბის ბიუჯეტი 380 000 ლარით იყო განსაზღვრული,ხოლო 2010 წელს ეს თანხა 100 000 ლარით გაიზარდა.
ამჟამად, კლუბს იჯარით აქვს აღებული შ.პ.ს. ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ ადელი“-ს სტადიონი და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა სადაც ყველა პირობაა,როგორც ფიზიკური ასევე თეორიული მეცადინეობებისათვის.