,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს ტოტალურად ვერ გააყალბებს.
,,მაქინაციები და კარუსელები, რაც დაგეგმილი აქვთ, ამის საპირისპიროდ დიდი ხანია ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. ვსწავლობთ, უამარვი გადაღებები გვაქვს მათი შეკრებების, კოორდინატორების და ნახავთ ამ ყველაფერს როგორ წამოვწევთ წინ და უდიდეს ნაწილს დავაბალანსებთ", _ განაცხადა ივანიშვილმა ირმა ინაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ თუ მოხდა ისე, რომ ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბა ასეთ არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. ივანიშვილის განაცხადებით, ,,ქართული ოცნება" ევროპასთან და აშშ-თან ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, მაგრამ უცხოელები ქართველების გასაკეთებელს არ გააკეთებენ.
,,ამ სახელმწიფოებს პირველ რიგში საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და ჩვენს გასაკეთებელს ისინი არ გააკეთებენ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავალაგოთ, საკუთარი სახლი. უცხოელები თვითონ არ დაგვილაგებენ. მათ თავისი ინტერესები და ურთიერთობები აქვთ და ამაზე ხელს არ აიღებენ", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა არჩევნებს გააყალბებს, ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოიყვანს.
,,ჩვენ ქუჩის აქციები დაგვჭირდება იმისთვის, რომ ისევ ამერიკელებსა და ევროპელებს დავეხმაროთ, რომ ვაჩვენოთ რეალური სახე. Dდემონსტრაციები იქნება იმის საჩვენებლად, რომ მათ არ გაბედონ და არ გააფორმონ არჩევნები. მე ქართველ ხალხს დაპირისპირებისკენ არ მოვუწოდებ. თუმცა გარწმუნებთ, რომ ცივილიზებული მეთოდებით ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ გავისტუმროთ. ჩვენ ბოლო-ბოლო მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებთ და ამერიკელებსა და ევროპელებს დავათვლევინებთ, ქუჩაში გამოსულ ხალხს", _ განაცხადა ივანიშვილმა.