2012 წლის ივლისში 2011 წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სასტუმროები და ტრანსპორტი.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,34 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19,2 პროცენტი); შაქარი და სხვა ტკბილეული (8,6 პროცენტი); პური და პურპროდუქტები (7,8 პროცენტი); ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (8,9 პროცენტი) და ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანებზე (6,5 პროცენტი).
ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (7,0
პროცენტი).
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა რესტორნებისა და კაფეების ქვეჯგუფზე (8,3 პროცენტი).