საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წყალტუბოს რაიონში ჩავიდა და ადგილობრივ ფერმერებს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის შექმნის ინიციატივა გააცნო. პროექტის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა „შპს საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომანიის" დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი.
პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ხილისა და ბოსტნეულის სახელმწიფო კომპანიის მიზანია ქართველი გლეხებისა და ფერმერების ხელშეწყობა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში. კომპანია მწარმოებლებს დაეხმარება საბაჟო პროცედურების გამარტივებულად გავლის, პროდუქციის ტრანსპორტირების და მათი საზღვარგარეთის ბაზრებზე გატანის მიმართულებით. ამისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ხილისა და ბოსტნეულის შემგროვებელი პუნქტები, რომლებიც მიღებული პროდუქციის დახარისხების, დაფასოების და შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. პროდუქციის ტრანსპორტირებაში აქტიურად ჩაერთვება რკინიგზა და ავიაცია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს შემნახველი ტერმინალის მშენებლობა უკრაინაში, საიდანაც განხორციელდება ქართული ხილისა და ბოსტნეულის გატანა როგორც უკრაინის, ისე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ბაზრებზე.
პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართველი ფერმერებისა და გლეხებისთვის დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა მოთხოვნის არასტაბილურობა ბაზრებზე, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა, ხოლო დღეიდან მათ მიერ მოწეული მოსავლის გასაღების გარანტი სახელმწიფო ხდება.