მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრებმა მიგრაციის სტრატეგიის საბოლოო პროექტი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დღეს, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტში" წარუდგინეს.
აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ფილიპ დიმიტროვი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი გაბრიელაშვილი დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებმა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრებმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის ჩარჩოს შემუშავებაში მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, სახელწოდებით "მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის" უწევს.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ მიიღო მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ვერსია. დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის ძირითადი ჩარჩოს ჩამოყალიბებას და გააუმჯობესებს მიგრაციის პოლიტიკის მართვის პროცესს.
„აღნიშნული სტრატეგია პირველი დოკუმენტია, რაც საქართველოში მიგრაციის პროცესების მართვის კუთხით შეიქმნა. მიგრაციის პრობლემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოს სურს მიუახლოვდეს ევროკავშირს. აღნიშნული დოკუმენტი შემდეგი ნაბიჯია, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადაიდგა", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის პროექტზე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფი მუშაობს 2011 წლის ივლისიდან. მიგრაციის სტრატეგიის პროექტი მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რომელიც დღეის მდგომარეობით, არის აქტუალური და მნიშვნელოვანი საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისა და ამ მიმართულებით ევროკავშირთან თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
„დასრულდა მიგრაციის სტატეგიაზე მუშაობა, აღნიშნული დოკუმენტი მიგრაციის მართვის ყველა ასპექტს მოიცავს. სამუშაო პროცესში ჩართული იყო ათზე მეტი სტრუქტურა. ეს არის საერთო ხედვა, როგორ უნდა იმართოს მომავალში მიგრაციული პროცესები. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ასახულია დოკუმენტში, მომავალში შეიქმნება სრულფასოვანი საინფორმაციო სისტემა. სტრატეგიის არსებობა ძალიან აქტუალური თემაა ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ ისეთ მრავალწახნაგოვან სფეროზე, როგორიც მიგრაციაა, გვონოდა დეკლარირებული პოლიტიკა; ეს მიგრაციის სტრატეგიის კუთხით პირველი დეკლარირებული დოკუმენტია, რომელიც მკვეთრად გააადვილებს მიგრაციული პროცესების მართვას და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას,"-განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა.