„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნაზე საუბრობს.
თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის თანამშრომელი თამარ კაიკაციშვილი მისი ოჯახის წევრების განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ბაკურიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ხელისუფლებამ პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას თითქოსდა შეგვაგუა და ყოველდღიურ ნორმად აქცია. მისი ინფორმაციით კადრების სკოლებიდან დათხოვნის შემთხვევებს პროფესიული სასწავლებლებიდან კადრების უკანონო გათავისუფლებაც დაემატა.
„ქობულეთისთვის ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის 19 ივნისს ამ კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მორიგი უკანონო მითითება შეასრულა და არასაიმედოობის მოტივით თანამდებობიდან მისი მოადგილე, თამარ კაიკაციშვილი დაითხოვა. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოლეჯში დირექტორი პოლიტიკურ რეპრესიებს აგრძელებს და კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გაშვება იგეგმება. მოტივი ბანალურია - თითქოსდა ამ ადამიანებმა კოლეჯის შინაგანაწესი დაარღვიეს და სასწავლო პროცესში ჰქონდათ ჩავარდნები. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს შეაჩეროს დაწყებული დათხოვნები და უწყებათაშორის კომისიას მკაცრად დასაჯონ ბრძანებების შემსრულებელი დირექტორები." - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისათვის „ქრისტიან დემოკრატები" სოლიდარობის ნიშნად ბათუმის საქალაქო სასამართლოში თამარ კაიკაციშვილის სასამართლო პროცესს დაესწრებიან.