აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავის აღსანიშნავად, ამერიკელ და ქართველ ალპინისტთა ერთობლივი ჯგუფი მწვერვალ თეთნულდს (4,858 მეტრი) დალაშქრავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ღონისძიების ორგანიზატორები არიან აშშ-ის საელჩო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი სვანეთს ესტუმრება.
მთამსვლელები მესტიაში 4 აგვისტოს დაბრუნდებიან. თეთნულდის დალაშქვრის გარდა, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის, მესტიის დათვალიერება, უშგულში გასეირნება, ქართული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება და კულტურული საღამოები.
სვანეთში ჩასვლამდე, დღეს, 1 აგვისტოს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრინკი მოინახულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის სენაკი-აბაშის მონაკვეთს, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით შეკეთდა. სვანეთში ყოფნისას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრება პროფესიული განათლების ცენტრს, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროფესიული განათლების პროექტის (პროექტის საერთო ღირებულებაა 5.4 მლნ. დოლარი) ფარგლებში დაფინანსდა.