ხვალ, 1-ელ აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, "აჭარის ხელოვნების მუზეუმში", საქართველოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. საქართველოს ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი და მისი თავმჯდომარე ცისანა მჭედლიძე.
თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიციაში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი მხატვარი. გაიმართება 5 მხატვრის დაჯილდოების ცერემონიალი, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, მოეწყობა სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც საგანგებოდ მხატვრებისთვის დაიწერა. ტექსტის ავტორია ალკაზარ კაკულია, კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე, შეასრულებს მომღერალი ეთერ კაკულია.
პროექტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების მოსახლეობისთვის გაცნობა და მისი პოპულარიზაციაა.
გამოფენა ბათუმში 5 აგვისტომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ქუთაისში გადაინაცვლებს. კოლექციას ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრებიც დაემატება და 7 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქ. ქუთაისის მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" ერთობლივი ექსპოზიცია გაიხსნება.
8 აგვისტოს დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, მხატვრები მსურველებს სპეციალობების შესწავლას შესთავაზებენ. გახსნას დესწრებიან კულტურის სფეროს, სახელოვნებო სკოლების, მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, ქ. ბათუმის მერია, ქ. ქუთაისის მერია, "ბილაინი", "თელიანი ველი", "კავკასუს ონლაინი", საინფორმაციო მხარდაჭერა - რადიო "საქართველოს ხმა", "აფხაზეთის ხმა".