საქართველოს პრეზიდენტი ლონდონის ოლიმპიადის პირველ ქართველ ოქროს მედალოსანს გამარჯვებას ულოცავს. როგორც მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზეა აღნიშნული, ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის.
„დღეს დაუვიწყარი დღეა მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი გორისთვის - 20 წლის გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მასზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს, ირწმუნა საკუთარი თავის და ეროვნულ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ გამარჯვებას, უპირველესად, ვულოცავ ლაშას, შემდეგ კი ყველა გულშემატკივარს - მთელ საქართველოს. მადლობას ვუხდი ამ პატარა ბიჭს, რომ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს როგორი მებრძოლები იზრდებიან საქართველოში. მისი გამარჯვება სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს უზომო სიყვარული, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით.