ათენში პოლიციელებთან შეტაკების დროს ქართველი ყოფილი "კანონიერი ქურდი" 38 წლის ზვიად სახამბერიძე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სახამბერიძე "ქურდად" 90-იანი წლების დასაწყისში ქუთაისში მისი ბიძაშვილის დავით დანელიას, ზედმეტსახელად "სულელას" მეგობრებმა აკურთხეს. "სულელას" რამდენიმე ხანში "კანონიერი ქურდის" "ტიტული" ჩამოართვეს "საერთო სალაროს" გაფლანგვის გამო.
რუსული მედიის ინფორმაციით, იგივე მანკიერებამ დაღუპა თავად ზვიადის "კარიერაც". ამ საქმეზე იგი ასტრახანში "ქურდებმა" - "ვანიკმა", "ძაკუნიამ" და გია მანაგაძემ დაიჭირეს.
2000 წელს "კანონიერი ქურდის" ტიტულჩამორთმეული ზვიადი ქუთაისში ნარკოტიკული ნივთიერებით დაიჭირეს და დააპატიმრეს. 2001 წლის 19 იანვარს ნომერ მეორე საგამოძიებო იზოლატორიდან ოთხი მსჯავრდებული გაიქვა, მათ შორის იყო სახამბერიძე. მათ მძევლად აიყვანეს იზოლატორის უფროსის მოადგილე ლევან ლევიძე. ლევიძეს სიცოცხლე მხოლოდ იმან იხსნა, რომ იგი ქუთაისელი "კანონიერი ქურდების" თემურ და მურმან გოგოლაშვილების ნათესავი იყო.
ერთი თვის შემდეგ სახამბერიძე პოლიციის თანამშრომლებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ქვემო სიმონეთში აღმოაჩინეს სადაც იგი ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში იმალებოდა. დაკავებისას მან სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
აღმოჩნდა რა კვლავ ციხეში ზვიადმა თანამოსაკნე ილია მიხელთაძე და მისი ძმა მოკლა. სახამბერიზემ განაცხადა, რომ ძმები მას ასტრახანის ამბებს ხშირად ახსენებდნენ და ადმიმინისტრაციასთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს.
პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ სახამბერიძე რუსეთში დაბრუნდა. იგი 2009 წლის დეკემბერში მოსკოვში ნარკოტიკით დააკავეს და კვლავ დააპატიმრეს. თებერვალში მას გაგარინსკის სასამართლომ 10 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სხვა და სხვა კოლონიებში მოხდით მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ასევე ათენში ქართველი "კანონიერი ქურდი" მალხაზ კიტია ზედმეტსახელად "მახონია" მოკლეს.