რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ებრალიძე სა1ქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობას სთხოვს. როგორც ებრალიძემ სასტუმრო "ამბასადორში" ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, საქართველოში ჩამოსვლას საქართველოს მოქალაქის სტატუსით ან მის გარეშე გეგმავს.
მისი თქმით, მან ცოტა ხნის წინ შეავსო კიდევ ერთი ანკეტა და გამოაგზავნა საქართველოში, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს.
"პრეზიდენტს განმეორებით ვთხოვე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და ახლა ველოდები პასუხს; მინდა, ვიცოდე, მომანიჭებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეობას. თუმცა, ამის მიუხედავადაც ვგეგმავ საქართველოში ჩამოსვლას. ყველა ჩემს გეგმას განვახორციელებ, რათა ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო და საქართველო გაერთიანდეს", - აღნიშნა ებრალიძემ.